ლანჩხუთის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ ელექტრონული პეტიცია ,,გურული მხედრების სახელობის მოედანი ლანჩხუთში“ განიხილა, რომლის ავტორი და ინიციატორიც არის მკვლევარი და რეჟისორი ირაკლი მახარაძე.
როგორც კომისიის სხდომაზე გაჟღერდა, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის 1% – მა ხელმოწერით გამოხატა ნება, რომ ლანჩხუთში, საიდანაც იყვნენ გურული მხედრების უმეტესობა, ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია.
პეტიციის განხილვაში კომისიის წევრებთან ერთად საკრებულოს სხვა წევრები, მუნიციპალიტეტის მერი, პეტიციის ავტორი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მონაწილეობდნენ.
სხდომაზე იმსჯელეს და განიხილეს პეტიციის ირგვლივ გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. როგორც აღინიშნა, ეს იქნება პატივისცემის გამოხატვა გურული მხედრების მიმართ, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია, ქალაქიც გალამაზდება და ასევე ღირშესანიშნაობაც იქნება ჩამოსული სტუმრებისათვის.
ირაკლი მახარაძის თქმით, ბაფალო ბილისა და გურულების ურთიერთობის მაგალითი უძველესია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ისტორიაში. გურულებმა გასაოცარი ტექნიკის წყალობით საუკეთესო მხედრების სახელი მოიხვეჭეს და თავისდა უნებურად წარუშლელი კვალი დაამჩნიეს ამერიკული შოუ – ბიზნესის განვითარების საქმეს, ისინი 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილ ქოუდის Wild West Show – ველური დასავლეთის შოუს არენაზე, საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოების ცხენოსნურ ტექნიკაზე.
მსჯელობის შემდეგ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება , პეტიცია განსახილველად საკრებულოს სხდომაზე გავიდეს.