“ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრის ალექსანდრე ახალაძის განცხადებით, “ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა” მომიტინგეებს დამიზნებით ესროლეს თვალში, რათა შემდგომ ამას რევოლუციური პროცესები მოჰყოლოდა და აქციის მონაწილეებს ეთქვათ “თვალები დაგვთხარესო”. საკრებულოს სხდომის ვიდეო ტვ რიონი ავრცელებს.
ამის შესახებ ახალაძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა
“როდესაც ვარდების რევოლუციას ახდენდნენ, ვარდები დაიკავეს ხელში. მაშინვე გაჩნდა კითხვის ნიშნები, რატომ ვარდები? იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო. ახლაც სპეციალურად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული და არ ვიცი, ალბათ, საპირისპიროს მერე გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა, სპეციალურად შერჩევით დამიზნებით ესროლეს ზუსტად თვალში, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თვალში მოგვხვდეს, ესეც გააკეთეს იმიტომ, რომ ახლა იძახიან თვალები დაგვთხარესო. ეს არის ყველაფერი იმისათვის, რომ ის სახელმწიფოებრიობა დაინგრეს და შემდეგ დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ”, – აცხადებს საკრებულოს წევრი.