დღეს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება.
შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო. იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა, რომ ვინაიდან ის უცხოეთში მიემგზავრებოდა დაკითხვის თარიღი და დრო მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩანიშნულიყო.