ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლანჩხუთის საკრებულოში დავით ჩხარტიშვილმა უმრავლესობის შემადგენლობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მან ამის თაობაზე განცხადებით უკვე მიმართა საკრებულოსა და ფრაქციის თავმჯდომარეებს.
როგორც დავით ჩხარტიშვილთან სატელეფონო საუბრის შედეგად გავარკვიეთ, მისი უკმაყოფილება ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.
„დაგროვილი უკმაყოფილებების ფონზე მივიღე გადაწყვეტილება,დავტოვო ფრაქცია „ქართული ოცნება“. ჩემი სურვილი იყო და არის, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან მეტი ყურადღება მიექცეს იმ სოფელს, რომელსაც მე წარმოვადგენ ლანჩხუთის საკრებულოში. ნინოშვილში ინფრასტრუქტურის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა _ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი საჭიროებს გახორციელებას. სოფელში არ არის გზა და ასე შემდეგ, მაშინ, როცა მეზობელ სოფელ არჩეულში ამ კუთხით ყვავის ყველაფერი. რბილად რომ ვთქვა, არასწორია სოფლების მსაგვსი დიფერენცირება“, _ ამბობს ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი.
როგორც დავით ჩხარტიშვილთან სატელეფონო საუბრისას “გური ნიუსმა” გაარკვია, გარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა, მისი უკმაყოფილების მიზეზი სოფლის პროგრამით საბავშვო ბაღში შეტანილი სათამაშოები საკითხიც გამხდარა. დეპუტატის თქმით, სათამაშოები, რომელთა შეძენაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის პროგრამის თანხიდან გახორციელდა არც ხარისხით გამოირჩეოდა და არც აღსაზრდელების ასაკობრივ დონეს შეესაბამებოდა.
ცნობისთვის, დავით ჩხარტიშვილი პროფესიით ექიმია. იგი ზედიზედ მეორედ წარმოადგენს ლანჩხუთის საკრებულოში ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულს.