თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირადად ის გამორიცხავს კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო პასუხი საქმეზე გამოძიებამ უნდა თქვას.
„თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა გამოძიებამ უნდა თქვას ამაზე პასუხი. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, შეუსაბამოს ნებისმიერ სტანდარტთან, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, როგორ გამოიჩინა თავი, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში ჩვენი ოპონენტების მიერ, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.