მიმდინარე სეზონის უსაშინლესი სტარტის შემდეგ ლანჩხუთის „გურიას“ ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებები განახორციელა და მაშინ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა კახა აებრალიძემ მაინც ზეოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. კერძოდ, მან დაანონსა, რომ „გურია“ უსათუოდ დარჩებოდა პრო-2 ლიგაში, თანაც ყოველგვარი პლეი აუტების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პოსტს დაუყოვნებლივ დატოვებდა და როგორც დღეს დუშეთის „არაგვთან“ განმეორებით შეხვედრაში მარცხის შემდგომ გაირკვა, რომ მისი ეს პროგნოზი ზეპესიმისტური გამოდგა და „გურია“ ისევ ლიგა-3-ს დაუბრუნდა.
დატოვებს თუ არა პოსტს კახა ებრალიძე, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტი ფრიად სავალალოა. თავიდანვე ცუდად დაწყებული საქმე მცდელობების მიუხედავად ვერ გამოსწორდა და შედეგიც სამარცხვინო აღმოჩნდა. მთლიანობაში პლეი აუტის ორი მატჩის ჯამში ლანჩხუთელებმა 210 წუთი ითამაშეს და მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც მეტოქე გუნდის უხეში შეცდომის შემდგომ. დუშეთში მოგებული 1:0 -ის შემდეგ ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ამ უპირატესობის მომხვეჭელი მაღალი ლიგის გუნდი რანგით დაბალ ლიგელთან საკუთარ მოედანზე ყველაფერს გაანიავებდა. ასე გამოვიდა, ლადო ბურდულის მიერ დამოძღვრილმა „არაგვმა“ ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოიპოვა ლიგა-2-ის საგზური.
ლანჩხუთში გამართული შეხვედრა სანახაობრივად რთული საცქერი გამოდგა. მოედნის საფარის კატასტროფულმა მდგომარეობამ დაღი დაასვა სანახაობრივ მხარეს, მაგრამ სტუმართა საზრიან თამაშსა და თავგამოდებას ბევრი ვერაფერი ავნო. სამაგიეროდ, მასპინძლები ჩანდნენ შებოჭილები და თავიდანვე ანგარიშის შენარჩუნების ტაქტიკით მოთამაშეებმა ვერც კონტრიერიშებზე ივარგეს და გაშვებული გოლის შემდეგ ვერც გადაწყობა მოახერხეს. იმდენად ქაოტური ჩანდა მათი გარჯა, რომ გააზრებულ კომბინაციებზე საუბარი ზედმეტია, მაშინ, როცა ზედიზედ ორი-სამი პასის გადაბმა უჭირდათ.
სამაგიეროდ, სტუმრები იმდენად მოტივირებულები ჩანდნენ, რომ ყველაფერი გამოსდიოდათ და შედეგიც შესაფერისი მოიმკეს. პირველ ტაიმში მათ თანაფარდობა ორი მატჩის ჯამში ნიკოლოზ ხინთიბიძის 35 წუთზე გატანილი გოლით აღადგინეს. დამატებით დროში კი გიორგი სამადაშვილის მეორე ზუსტი დარტყმით სტადიონზე მოსული უამრავი ქომაგი სახტად დატოვეს.