თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე ხორციელდება.
ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება.
თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
როგორც კალაძემ განაცხადა, 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას.
„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე – ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.