კორონავირუსმა შესაძლოა მსოფლიო მოსახლეობის 60-80% მოიცვას. ამის შესაებ ინფორმაციას The Guardian ჰონგ-კონგელ ეპიდემიოლოგის, ლეუნგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ეპიდემიოლოგი ამბობს, თუ კორონავირუსი კონტროლს არ დაექვემდებარება ვირუსი მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედზე გავრცელდება.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგმა შეშფოთება მას შემდეგ გამოთქვა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აღმოაჩნდათ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში არასდროს ყოფილან.
ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ კორონავირუსის მქონე 1 ადამიანს შეუძლია ვირუსი გადასცეს 2.5 სხვა ადამიანს. შესაბამისად ვირუსის გავრცელება მოსალოდნელია მოსახლეობის 60-80%-ზე, რაც ეპიდემიოლოგის თქმით საშინლად დიდი რიცხვია.
როგორც The Guardian იუწყება, ექსპერტი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევაა ეპიდემიის გავრცელების ზრდა მსოფლიოში და მეორე პრიორიტეტია, მუშაობს თუ არა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთის მიერ მიღებული ზომები, რადგან სხვა ქვეყნებსაც მოუწევს მათი მიღება.
ცნობისთვის, ლეუნგი ერთ-ერთი ის ჯანდაცვის ექსპერტია, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა Sars-ის გავრცელებასთან ბრძოლაში 2002-03 წლებში.
იანვრის ბოლოს მედიცინის ექსპერტი ამბობდა, რომ კორონავირუსის მქონე ადამიანთა რიცხვი ექსპონენციურად შეიძლება გაზრდილიყო.
ლეუნგის თქმით, ეპიდემიოლოგები ცდილობენ გაერკვნენ თუ რა შეიძლება მოხდეს.
„მოსახლეობის 60-80% დაავადდება? შესაძლოა არა. შესაძლოა ეს ტალღურად მოხდეს. შესაძლოა ვირუსის ლეტალურობა შემცირდეს,“_ ამბობს ლეუნგი.
მისივე თქმით, ექსპერტებმა ასევე უნდა იცოდნენ შეამცირა თუ არა შეზღუდვებმა უხანსა და სხვა ქალაქებში ვირუსის გავრცელება.
„რამდენ ხანს შეიძლება იყოს დაკეტილი სკოლები? რამდენ ხანს მოერიდებიან ადამიანები სავაჭრო ცენტრებს? რამდენ ხანს იქნება ჩაკეტილი ქალაქები? და თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება, ყველაფერი უკან დაბრუნდება? რეალური კითხვების წინაშე ვდგავართ“,_ ამბობს ის.
რამდენიმე კვირის წინ ეპიდემილოგი ტაილანდს ეწვია და საკარანტინო ბანაკების მოწყობა ურჩია, რაც ქვეყანამ გაითვალისწინა, თუმცა, ჩინეთთან კავშირში მყოფი ქვეყნების ნაწილი, ასე არ იქცევა.
“სად არიან ისინი?“_ კითხულობს ეპიდემიოლოგი.
ქვეყნები რისკის ქვეშ დგანან რადგან გადაადგილდებიან ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ გააჩნიათ, მაგრამ შესაძლოა დაავადებულები იყვნენ.