შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ, იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზ.მ.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და 2019 წლის ოქტომბრიდან მასზე ძებნა გამოცხადდა.
მასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პასუხისგებაში დაუსწრებლად არიან მიცემული და ამ დრომდე იძებნებიან: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.
აღნიშნული დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძებნილის პირების ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.