დღეს ოზურგეთში, ჭადრების ბაღში მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ტელეკომპანია აჭარის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას,” ,,სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”- ეს იყო ის ძირითადი სლოგანი, რაც დღევანდელ აქციაზე გაჟღერდა.
აქციის ორგანიზატორი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი, გიორგი გირკელიძეა.
როგორც გირკელიძემ განაცხადა, მედიასთან დაპირისპირებით გამარჯვებული არავინ რჩება.
,,დღეს სოლიდარობა გამოვუცხადეთ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს, რადგან ნათელია, რომ არსებობს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. არაერთხელ გვინახავს დაპირისპირება მედიასთან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ქმედებები. მედიასთან დაპირისპირებით გამარჯვებული არავინ რჩება“,_ განაცხადა გირკელიძემ.