გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე თევდორაძე სუფსაში ადგილობრივი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, ვინაც ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების საკომპენსაციო თანხაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. ალექსანდრე თევდორაძემ ადგილზე, მოსახლეობასთან შეხვედრით, სცადა გარკვევა თუ რა კონკრეტული პრეტენზიები აქვთ ადგილობრივებს.
საქმე ისაა, რომ ახალი ავტობანის მიმდებარე მიწის ნაკვეთები ხელისუფლებამ, კერძოდ კი გზების დეპარტამენტმა მოსახლეობისგან უკვე შეისყიდა გარკვეულ ფასად. უფრო სწორად, ხალხს შესთავაზეს კონკრეტული ფასი, რომელიც 2018 წლიდანვე დავის საგნად იქცა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ შეთავაზებული თანხა ცოტაა და ამავე კატეგორიის მიწებზე სხვა ადგილებზე გაცილებით მეტი საკომპენსაციო თანხები გაიცა.
სადაო მიწები ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით მდებარეობს, რომლებსაც მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის _ მიაჩნიათ ადგილობრივებს და წლებია საკითხს სხვადასხვა ინსტანციაში ასაჩივრებენ, თუმცა როგორც ტავად ამბობენ შედეგი ამ დრომდე არ ჩანს და პროკურატურაში გასაჩივრებული ეს საქმე სუფსის პოლიციას გადაეცა განსახილველად.
ადგილობრივების სახელით სტუმარს პრობლემის არსის თაობაზე ქალბატონმა ხათუნა გუჯაბიძემ მიმართა და დაწვრილებით სცადა აეხსნა თუ რა ხდება რეალურად. როგორც გავარკვიეთ, საგზაო დეპარტამენტის ჩინოსნის ვიზიტის მიზანიც საქმეში გარკვევა იყო, მაგრამ არა გვგონია მას არ სცოდნოდა რაზე აქვთ ამ ადამიანებს პროტესტის გრძნობა.
ბატონმა ალექსანდრემ დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, რომ ნაკვეთის შეფასება დეპარტამენტის მოვალეობაში არ შედის, ვინაიდან ამ საქმეს, ანუ განსახლების გეგმას ადგენს ის კომპანია, რომელმაც დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს და სწორედ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება საკონპენსაციო თანხების გაცემა. აღინიშნა ისიც, რომ მიწის ფართობები კატეგორიების და სხვა უმარავი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და შესაბამისად საკონპენსაციო თანხებიც ამის მიხედვით გაიცემაო. ჰოდა, პასუხისმგებლობა სწორედ იმ კომპანიას აკისრია ვინც განსახლების გეგმა შეადგინა და დეპარტამენტი არაფერ შუაში არისო, დასძინა.
სტუმარმა ვინაიდან ბოლომდე ვერ გაარკვია კონკრეტული მოთხოვნების სამართლიანობის საკითხი, დაიგეგმა, რომ უახლოეს დღეებში შედგება მუშა შეხვედრა, სადაც არგუმენტირებულად მოხდება საკითხების შესწავლა, რომელსაც დაესწრებიან აგრეთვე იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომელმაც მოახდინეს საკომპენსაციო თანხების ოდენობის განსაზღვრა მოსახლეობის საყანე ფართობებზე.