„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო დროს ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა სამჯერ გამოაცხადა ტენდერი პურის შესყიდვაზე და მიწოდებაზე საბავშვო ბაღებისთვის.
როგორც ცენტრში გვითხრეს, 2019 წლიდან დღემდე პურზე გამოცხადებულ ტენდერში არცერთი ინდმეწარმე არ იღებს მონაწილეობას.
ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ შედგა პურის ტენდერები – ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ უპასუხა:
„მიზეზი ჩვენთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააღმზრდელო ცენტრის მიერ გამოცხადებული პურის შესყიდვის ტენდერში, შესასყიდი პურის ფასი რეალურია, რომელიც განისაზღვრა ფასთა მოკვლევის საფუძველზე.
ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა არის ის, რომ მივმართავთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე დაგვრთოს ნება პური შევისყიდოთ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესყიდვა ხორციელდება აღნიშნული ნებართვის მიღების საფუძველზე, ტენდერში გათვალისწინებული ფასის შესაბამისად. (პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელექტრონული ტენდერების გამოცხადება),“_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს მაკა ჭყონიამ.
„გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა შპს „ვასაძის პურის“ დირექტორს, ბიძინა ვასაძეს. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იღებს ტენდერში მონაწილეობას ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია – ბიძინა ვასაძემ გვიპასუხა:
„წლების წინ ქალაქის ბაღებს ვაწვდიდით პურს, ტენდერში გამარჯვებული ვიყავით. ახლა კი სოფელში და ქალაქში არსებული ბაღებში პურის შეტანის საშუალება არ გვაქვს. მოგეხსენებათ ამისთვის საჭიროა მანქანები, რომ დროულად მოხდეს ყოველდღე პურის შეტანა ბაღებში, “_ გვითხრა ბიძინა ვასაძემ.
პურის შეტანაზე და მიწოდებაზე ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ტენდერს უახლოეს პერიოდში ისევ გამოაცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 48 412 ლარი იქნება.