ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ქართულმა ოცნებამ” დაამუღამა ჩვენი ემოციური ხასიათი: ავღელდებით, ფბ-ზე ავდუღდებით, ზოგი “უდაჩნად” იღადავებს, ზოგი გაბრაზდება და 2-3 დღეში ეს ყველაფერი გადაივლის. ბევრი კრიზისიდან, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის გადადგომა მოჰყვებოდა, ის სწორედ ასე გამოძვრა.
მთავრობის გამპრავებლებს რომ თავისი წვლილი აქვთ, ეგ უკვე ვიცით. კორონავირუსის ამბავი არც 2-3 დღიანია და არც 2-3 კვირიანი. შესაბამისად, გზადაგზა სულ უფრო ნათლად გამოჩნდება, რა უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალ ადამიანებს აბარიათ ცალკეული საკვანძო საკითხები და სფეროები.
სულ იმას გავიძახი, პანიკა არ გვინდა-მეთქი. ოღონდ ამას იმით კი არ პასუხობენ, რომ საქმე აკეთონ და ვირუსის უფრო მეტი გავრცელებისთვის სერიოზულად მოემზადონ, არამედ ჩვეული დაუდევრობით და გულგრილობით აგრძელებენ არხეინად ყოფნას იმის იმედად, რომ ყველაფერს “გააპრავებენ”, ოპოზიციას დააბრალებენ, ვიღაც ექთანსა თუ ექიმზე გადატეხენ ჯოხს.
საკმარისად დიდხანს ვწერეთ “ამირანი &პაატა<3″. გვეყო! უფრო მეტიც, მორალური პასუხისმგებლობა, მთავრობას მოსთხოვოს რეალურ კითხვებზე რეალური პასუხები, მათზე მეტია, ვინც ამას ვწერდით.
კრიზისი არ დაიმალება ერთი და ორი ადამიანის სახის უკან. არც ვირუსი გაარჩევს ვინ ქოცია და ვინ არა. მართალია, ნაკლებად საშიში ვირუსია, მაგრამ ზუსტად ახლა უნდა დავინახოთ, რა საზოგადოება ვართ, რა მთავრობა გვყავს და ვინ ვართ საერთოდ,’’ _ წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.