იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად იტალიაში დარჩენილი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდებიან. მათ გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უკვე დამუშავებულია ყველა იმ მოქალაქის მონაცემი, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა. მათი გამომგზავრება საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება. საქართველოს საელჩო ყველა მათგანთან მუდმივ კავშირზე რჩება, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების ნივთებით. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც იტალიასთან ფრენების შეჩერების შემდგომ საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე შემოწმდებიან.
„შეგროვებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდება უახლოეს მომავალში იტალიიდან საქართველოში. ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. 9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსისგან იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.