დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.
„ინფექცია გადამდებია, როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ. ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფიცირების ყველაზე კარგი საშუალებაა, ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ“, – განმარტა იმნაძემ.
კითხვაზე, ზრდის თუ არა ინფიცირების საფრთხეს ფიტნეს დარბაზესა და აუზზე სიარული, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა: „ფიტნესდარბაზებში სავარჯიშო ხელსაწყოები არ დგას ერთად, მაგრამ თუ სადმე ასეა, მაშინ ეს ხელსაწყოები ერთმანეთს უნდა დააშორონ“.
„თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა, აქ რისკი არის, მაგრამ თუ შემდეგ სხვა ადამიანი მოკიდებს ხელს და შემდეგ დაიმუშავებს, პრობლემა მოიხსნება. რაც შეეხება აუზებს, იქ წყლის დეზინფექცია ქლორით ხდება. ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, – აღნიშნა იმნაძემ.