საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციის წესების დაცვაზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის დაცვა სამოქალაქო პასუხიმსგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ყველაზე მთავარი გამოწვევა, რასაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომლებიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.