“დარწმუნებული ვარ, ბევრი პედაგოგი შეძლებს ოზურგეთში დისტანციური სწავლება მოახერხოს და ბავშვებს დავალებები მისცეს“, – ამის შესახებ “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ამბობს.
მისივე თქმით, ოზურგეთელ მასწავლებლებს შექმნილი აქვთ საკლასო ჯგუფები და ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ აქტიურად მოხდეს სკოლის მოსწავლეებისთვის დავალებების მიცემა.
“ხვალიდან უკვე მასწავლებლებს მიეცემათ რეკომენდაცია და მათი რესურსების გათვალისიწნებით მოხდება მოსწავლეებისთვის დავალებების მიწოდება“, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
დისტანციურ სწავლებას არაერთი მასწავლებელი გეგმავს. უკვე ონლაინ დავალების გაცემა დაიწყო ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დაწყებითების კლასის მასწავლებელმა ნათია ბოლქვაძემ.
“ფეისბუქზე მაქვს ჩემი ჯგუფი, ჯერ მქონდა მხოლოდ მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, შემდეგ დავამატე მასწავლებლები.
რადგან კორონავირუსის გამო დროებით შეჩერდა სწავლა სკოლაში მოსწავლეებისთვის გადავწყვიტე დისტანციური სწავლება. მეოთხე კლასის მოსწავლეებს უკვე მივეცი დავალება წაეკითხათ ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა ,,ბულერბიელი ბავშვები.“ ასევე უნდა ჩაეწერათ ვიდეოზე, რა იყო მათვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია. მსგავსი დავალება ბავშვებისგან მოწონებული იქნა და უკვე 29 მოსწავლისგან 15-მა მოსწავლისგან მივიღე შესრულებული დავალება. ველოდები დანარჩენ მოსწავლეებისგან დავალების მიღებას“, – გვითხრა ნათია ბოლქვაძემ.
ნათია ბოლქვაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მისმა მოსწავლემ მისი მეგობრები ჩართო და ერთად კითხულობენ “ბულერბიელი ბავშვების“ საინტერესო ისტორიებს.