„გურულებო! საჭამიასერზე კორონიანი მოქალაქე დადისო! გამოცოცხლდით!_ ამ შინაარსის პოსტი გაავრცელა დღეს ფეისბუქის მომხმარებელმა სოფო სულამანიძემ.
„გურია ნიუსი“ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მერის წარმომადგენელი საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიზა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.
ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოციალური ქსელი სოფელ თხილაგანში მომხდარი ამბის შემდეგ ატეხილმა მითქმა-მოთქმამ მოიცვა.
„სოფელ თხილაგანაში მარნეულიდან ბიჭი იყო ჩამოსული. ეს ბიჭი ექიმების მიერ იყო გაფრთხილებული და სახლიდან არ გამოდიოდა. მას ჰყავს ძმა სახლში და იმ ძმასთან ბიჭები მაინც მიდიოდნენ. ექიმები მის მდგომარეობას ყოველდღიურად ამოწმებდნენ, უკონტროლებდნენ ტემპერატურას და კორონავირუსის ნიშნები არ აქვს, მაგრამ რადგან მარნეულიდან დაბრუნებიდან მხოლოდ 4 დღე იყო გასული და ვერ იცავდა კარანტინისთვის საჭირო პირობებს, რადგან მასთან სახლში მიდიოდნენ სტუმრები, ექიმები იძულებულები გახდნენ ბათუმის საკარანტინო ზონაში გადაეყვანათ. ეს რომ დააფიქსირა სოფელმა, მოსახლეობამ ატეხა ამბავი, კორონავირუსი აქვს იმიტომ გამოიქცა მარნეულიდანო“,_ გვითხრა ზაქარეიშვილმა.
ამავე პოსტის გადასამოწმებლად ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნატო ჯიბუტს დავუკავშირდით.
„არა, არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთი ჭორები ხშირად ვრცელდება, მაგრამ შემდეგ ჩემს მიერ თავისთავად ცხადია უგულებელყოფილია. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და გთხოვთ, ყურადღება გაამახვილეთ ისეთ ინფორმაციაზე რასაც მოგაწვდით. არ შეიძლება ასეთ რაღაცეებზე დრო კარგოთ“,_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.