ჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება.
„პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
მისი თქმით, რეფერალით გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ.