„გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ ურეკის წყალსადენის რეზერვუარში წყლის დებეტის კლების შესახებ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მართალია, ეს ხდება ახლომდებარე კარიერზე, მდინარე ნატანების კალაპოტში, ინერტული მასალების მოპოვების გამო, რაც სტანდარტის სრული იგნორირებით ხდება, თუმცა, ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურამდე რ მივიდეს და ახერხებენ, სინამდვილე შეფუთონ.
_ გეტყვიან, არ არის კლებაო, თუმცა, იცით, რომ არ არის? ოფიციალურად, რაიმე მტკიცებულება, ვიზუალური ან დოკუმენტური გაქვთ ნანახი? მერე, მოგვიანებით, ატყდება გნიასი, ვიღაც თავს გამოიდებს და ირბენს წყალსადენის ირგვლივ… ასეთ თემებზე გრანტის წერაც მოდაშია _ იტყვიან, რომ ეს „აღმოჩენა“ მავანს ეკუთვნის, რის გამოც უნდა დაჯილდოვდეს, _ გვეუბნება წყარო.
როგორც ვწერდით, აღნიშნულის თაობაზე „გურია ნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა. მან კი კომპანიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
_წყლის დებეტის კლება, ზოგადად, საქართველოში იყო კლიმატური პირობების გამოც. არ იყო თოვლი. არა მარტო გურიაში, სხვა რეგიონებშიც შეიმჩნეოდა კლება. მაგალითად, ასე იყო გუდაურსა და ბაკურიანში. ეს პირველი პრეცედენტი არ არის. თუმცა, კონკრეტულად ურეკის შესახებ, ასეთი რამ არ ვიცი. მე აუცილებლად გადავამოწმებ ინფორმაციას, ყველაფერს გავიგებ და მე თვითონ გაცნობებთ, _ გვითხრა მაშინ წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურიდან ლელა კიკალეიშვილმა, თუმცა, იმ დღეებში პასუხი არ მოგვწერა და არც სატელეფონო ზარს პასუხობდა.
ქალბატონი ლელა სამი დღის შემდეგ დაგვიკავშირა, მოიბოდიშა, რომ ავად იყო და ამჯერად გვითხრა, რომ დავკავშირებოდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, დავით ცერცვაძეს, რომელიც დაზუსტებულ პასუხს მოგვცემდა.
_ ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღიდან გაბურღვისა, დებეტი იგივეა და არ შემცირებულა. დებეტის შემოწმება არ ხდება, თუმცა, წყალი არ შემცირებულა _ რაც იყო, იგივეა, _ გვითხრა დავით ცერცვაძემ.