შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.
ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით ქვეყანაში ავტოტრანსპორტით გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.
აკრძალულია ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობა, რომელთაგან 1 მძღოლი და 2 მგზავრი უნდა იყოს, მძღოლის გვერდზე კი არავინ უნდა იჯდეს. უკანა სავარძელზე მჯდომ 2 პირს შორის კი დისტანცია უნდა იყოს შენარჩუნებული.
ქვეყანაში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით და ტაქსითაა შესაძლებელი.
სხვადასხვა რეგიონებში, მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან დგას სპეციალური ბლოკოსტები, რომლებიც სამართალდამრღვევების გამოვლენას ცდილობენ და დაფიქსირების შემთხვევაში მოძრავ ავტომობილს აჩერებენ და ამოწმებენ. მოქმედებს სანქციებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოავლინეს.