ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულ ჯილდოებს ეხმაურება.
„მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ვცდილობთ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების მინიმალიზებას,თუმცა ის, რაც დღეს ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებებთან დაკავშირებით გაცხადდა, ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან უმწვავესი შეფასების საგანი უნდა გახდეს. ენმ ოზურგეთის ორგანიზაცია სამარცხვინოს და მეტიც, დანაშაულებრივს უწოდებს მერიაში პრემია-დანამატების დარიგების ფაქტს იმ ფონზე, როცა ქვეყანა ძლივს უმკლავდება მის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას, როცა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, როცა ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც კი ვერ იღებენ ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული სწორედ ის ადამიანები, ვინც რეალურად, ქუჩაში დგანან და პირისპირ იბრძვიან პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებალდ.
მოვუწოდებთ ოზურგეთის მერს, ადეკვატური იყოს მომხდართან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ქვეყნის პირველ პირებს, განცხადების კეთებიდან ქმედებებზე გადავიდნენ და მყისიერი რეაგირება მოახდინონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ ყოვლად სამარცხვინო ქმედებაზე“,_ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.