ეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ – ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
“ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია – გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,“- განაცხადა სასულიერო პირმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანებიც.