ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული სასურსათო მაღაზიები მუშაობას შეუდგნენ. როგორც აქ გვითხრეს, გუშინ, საღამოს მათ ნება დაერთოთ სეს-ის რეგიონული სამმართველოს მიერ და მუშაობას შეუდგნენ.
_ კმაყოფილი ვართ და მადლიერი, რომ მოგვისმინეს და ამ გასაჭირის დროს სასურსათო მაღაზიების მფლობელებს უფლება მოგვცეს, დაგვეწყო მუშაობა. აქ ყველა იყო მოსული, გაგვაფრთხილეს, გადმოგვცეს რეკომენდაციები და ვასრულებთ მითითებებს, _ გვითხრეს სასურსათო მარკეტების მფლობელებმა და გამყიდველებმა: გიული მაისურაძემ, ხათუნა როყვამ, თამუნა ლომაძემ, ნელი რამიშვილმა.
სასურსათო მაღაზიების გასწვრივ, ამ წუთებისთვის პოლიცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ მოქალაქეთა გადაადგილების პროცესს და ყველას მოუწოდებენ, რომ დაიცვან დისტანცია.
_ კაცო, რა დამჯერე გახდნენ ეს ურჩი გურულები, ჰა? ახლა არ გვჭირდება იმდენი ძალისხმევა, რაც თავიდან იყო საჭირო, _ იხუმრა „გურია ნიუსთან“ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა შაქრო ჩანქსელიანმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიას წარწერაც „ამშვენებს“ _ „ნისია დამიტოვეთ გვერდით მაღაზიაში.“
_ ვინ მუუტანს ახლა ამას ნისიას, ამ კორონობაში, კაცო, განცხადების დაწერასაც შნოი უნდა, _ ხუმრობას არ იშლიან კანტიკუნტად მოსიარულე გურულები.
_ ეს მაღაზიები რომ გახსნეს, ჩვენ არ გვინდა მუშაობა? თუ ხილი და ბოსტნეული არ ითვლება სურსათად? ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენც გამოვიტანთ ჩვენს დახლებს და დავდგამთ და ვივაჭრებთ, _ საყვედური გამოთქვეს გარემოვაჭრეებმა მანანა ფერცულიანმა და სხვებმა, რომლებიც გურიის ქუჩაზე და ასევე, აღნიშნული მაღაზიების გასწვრივ, ღია სივრცეში, აქამდე სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობდნენ და ახლა წუხან, რომ ყოველდღიური შემოსავალი, რომელიც პურის საყიდლად სჭირდებოდათ, აღარ აქვთ.
_ თუ უნებართვოდ დაიწყებთ ვაჭრობას, დაჯარიმდებით. მეტი რა გითხრათ? რომ გეუბნებით უნდა შეისმინოთ, _ უთხრეს მათ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ბოსტნეულით მოვაჭრე ქალბატონებმა განაცხადეს, რომ ისინი დახმარებისთვის განცხადებით მიმართავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს.