ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გეგმას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე განახორციელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი როგორც შეზღუდვების მოხსნის განრიგი, ასევე სხვადასხვა სფეროს „გახსნის“ თანმიმდევრობაც.
„გეგმა არის დეტალურად გაწერილი. დღესაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, მათ შორის საბჭოს ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და დეტალურად არის გაწერილი არა მხოლოდ ვადები, არამედ ისიც, თუ რომელი სფერო როდის უნდა გაიხსნას – პირველი რომელი უნდა გაიხსნას, მეორე რომელი უნდა გაიხსნას და ა.შ. წინასწარ გაწერილი გეგმა არსებობს. დაველოდოთ პრემიერ, რომელიც კვირის ბოლომდე გააკეთებს განცხადებას ამ გეგმასთან დაკავშირებით, როგორც ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით, ასევე ამ შეზღუდვების მოხსნის სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მან დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრეზეც ისაუბრა და საქართველოში მოქმედი აკრძალვები სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებას შეადარა, სადაც შეზღუდვები გაცილებით მკაცრია.
„ჩვენთან არის ბევრად უფრო რბილი შეზღუდვები, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იქ ფონი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, ჩვენთან შესაძლებელი გახდა შედარებით ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების შემოღება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვა არის დისკომფორტი თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ ამ შეზღუდვებს აქვს ძალიან მყარი საფუძველი და საფუძველი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ უარყოფითი სცენარის პრევენციას“, – აღნიშნა კობახიძემ.