დღეს, დილიდან განახლდა ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე იმ ნაგებობების და დახლების აღება, სადაც ტანსაცმლით ვაჭრობდნენ. საკმაოდ დიდი ფართი, რომელიც ამ სახელდახელოდ მოწყობილ დახლებს თუ ფიცრებით შეჭედილი ქოხმახების მსგავს ნაგებობებს ეკავა, თანდათან თავისუფლდება და როგორც შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორი სოსო სიხარულიძე ამბობს, ორ დღეში გათავისუფლდება აქაურობა.
_მალე გვექნება განახლებული, შეღებილი, დასუფთავებული დახლებითა და თაროებით მოწყობილი სავაჭრო გარემო. ყველა აქ არსებული მაღაზიის გარეფასადიდან ჩამოვხსენით თვითნებურად გაკეთებული, ე.წ. „ქოლგები“, ვმუშაობთ სწრაფი ტემპით, რომ მალე მოწესრიგდეს ყველაფერი, _ ამბობს სიხარულიძე.
ამ წუთებში აქედან გააქვთ სხვადასხვა ხარახურა, ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები, რომლითაც შეკოწიწებული იყო დახლები თუ სახურავები.
„მალე გაიხსნება ამ სივრცეში არსებული მარკეტი, რომელთა მუშაობა ამ „ნავესის“ აღების გამო შეყოვნდა. ტანსცმლის სავაჭრო ცენტრის გახსნა კი ცოტა მოგვიანებით მოხდება, ეს პროცესი, როგორც ვიცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ეტაპზე უნდა მოხდეს, _ გვითხრა სოსო სიხარულიძემ.