ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა – ამის შესახებ ინფორმაცია UN Women Georgia-მ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
“COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.
“ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ“, – ამბობს ქეთი თომეიშვილი.
ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.
ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე“ -წერია UN Women Georgia-ს ფეისბუქგვერდზე.