განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთი ალტერნატივით 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა, მეორე ალტერნატივის თანახმად კი, წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლას შეუძლია, წლიური შეფასების განსაზღვრის ამ ორი ალტერნატივიდან მისთვის შესაფერისი თავად შეარჩიოს.
„ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზები და იმისთვის, რომ ამავდროულად წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი აკადემიური მიმართებით, ჩვენ შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს სკოლებს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება დაეფუძნებული იქნება ინდივიდუალური მოსწავლის სიტუაციიდან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე.
უფრო კონკრეტულად, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა – ეს არის პირველი ალტერნატივა. მერე ალტერნატივის თანახმად, არის მოსწავლის მიერ 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულის, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში განვლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული შეფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი. ბევრმა სკოლამ დააფიქსირა სურვილი, რომ სწორედ დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული და მიწოდებული განათლება შეფასდეს და მათი მზაობა არის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.