“თუ მომდევნო თვეების განმავლობაში ეპიდსიტუაცია არასტაბილური უნდა იყოს, მაშინ იფიქირეთ არჩევნების გადადებაზე“, _ ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს ბერკეტი, რომ კორონავირუსის თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროს, მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის დაკეტვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების შენარჩუნებაზე კანონპროექტის კენჭისყრის დროს “ქართული ოცნება” მარტო დარჩება, რადგან პროექტში არასაკმარისი არგუმენტაციაა.
გარდა ამისა, მარიამ ჯაში მოითხოვს ანტისხეულების დამდგენი სწრაფი ტესტის მასობრივი ჩატარება მოხდეს, თუნდაც ეს ექსპერიმენტულად დაიწყოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე:
“ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია პრემიერთან, ჯანდაცვის მინისტრთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან საპარლამენტო ფორმატში, ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა. არსებული სტატისტიკით, რაც ჩვენთვის ცნობილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, მხოლოდ მისასალმებელია ის შედეგები რაც გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არცერთხელ არ ჩაგვიტარებია სეროპრევალენტობის კვლევა _ ზოგად პოპულაციაში ანტისხეულების დადგენის ტესტი, რომელიც რეალურად მოგვცემდა საშუალებას, შეგვეფასებინა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტიც ჩავატაროთ პარლამენტის წევრებს შორის, რიგგარეშე სესიაზე, სწრაფი ტესტებით, ანტისხეულების განსაზღვრა მოხდეს. ჩვენ რეალურად არ ვიცით გავრცელების დონე ქვეყანაში. არ ვიცით რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უკვე გადატანილი, რატომ ვიკავებთ თავს მსგავსი კვლევების ჩატარებისგან?”_ თქვა ჯაშმა.