დღეს თბილისში, ხუთი წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ რეაბილიტირებული მზიურის პარკი გაიხსნა.
პარკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცლერი, რომელმაც აღნიშნა,რომ „ნოდარ დუმბაძე იყო ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე, როგორც ბავშვების სკვერი“.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ამდენ ადამიანს ვხედავ, რომელიც ტკბება ამ მზიან დღეს ამ მშვენიერი სკვერით. ვამაყობ, რომ ევროკავშირი, ევროკავშირის საინვესტიციო ბანკით იყო თანამონაწილე ამ საქმის, რომ მომხდარიყო ცნობილი “მზიურის “ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ახალ მზიურად. ნოდარ დუმბაძე იყო ბრძენი, როდესაც გაითვალისწინა ეს სივრცე, როგორც ბავშვების სკვერი. მე ვამაყობ, რომ მისი ეს მემკვიდრეობა გრძელდება. მე ვიცი, რომ მისი ოჯახის წევრები აქ არიან და მინდა მოვისმინო მათი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, თუ რა განხორციელდა აქ. ჩემთვის ეს არის უნიკალური პროექტი, რადგან ეს არის უნიკალური სკვერი. ამავდროულად, ეს არის განუყოფელი ნაწილი ევროკავშირის იმ საქმიანობისა, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოში და კერძოდ, თბილისში იმისთვის, რომ თბილისი გახდეს უფრო მწვანე ქალაქი. ეს ასევე არის სხვა საქმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს გამწვანებას, სუფთა ჰაერის შექმნას, ენერგოეფექტურობას, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ წარმოაჩინოს თავისი სრული სილამაზე. მე მესმის ამ პარკის სიმბოლიზმიც, 2015 წლის 13 ივნისს არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ ვიცი ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ამ ტერიტორიას. მე ასევე ვიცი, ის უპეცედენტო სოლიდარობა, რომელიც გამოამჟღავნეს ქართველებმა იმ დღეებში, იმ ახალგაზრდა ქართველებმა, რომელთა ნაწილიც ჩვენთან ერთად იმყოფება. მათ შორის არიან ის ბავშვები, რომელზეც ფიქრობდა ნოდარ დუმბაძე, როდესაც ჩამოაყალიბა “მზიურის” იდეა. ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება უფრო მწვანე, უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ახალი თაობებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.