ევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს გაიმართება.