4 წლის და რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი.
სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.
„თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – გვითხრა ემზარ ურუშაძემ.
განათლების სამინისტრო სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება.
ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება.
სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი.
“ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ.
“გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს
ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება