სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარებაა, – შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.
„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, დაძაბულობა მაინც გრძელდება,“- აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. „წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია,“- წერს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.