გაგოშას სტენსილი ,,ძაღლური ცხოვრება” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში ერთ დღეში წაიშალა. სტენსილი საქართველოში ადამიანთა სიღარიბის, მიუსაფრობისა და სოციალურად დაუცველობის პრობლემას ეხმიანება.
ადგილობრივების თქმით, მუნციპალიტეტის წარმომადგენლებმა ნახატი თავისი ხელით წაშალეს. სავარაუდოდ, ჩათვალეს, სოფელში ცუდ გზას აპროტესტებენო. წლებია, სოფელ საჭამიასერში უმრავი დაპირებისა და ბიუჯეტში გამოყოფილი თანხის მიუხედავად, გზა დანგრეულია. გაგოშას თქმით, ,,სტრიტ არტში მნიშვნელოვანია, რომ ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებს და ხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს. იმედია, საჭამიასერლებს მომავალ წელს ახალი გზა ექნებათ.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საჭამიასერის ადმინისტრაციულ ერთეულში ელიზა ზაქარეიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ნახატი მოეწონა, მაგრამ ნახატზე ამაზრზენი მინაწერები იყო, რაც სტენსილის წაშლის მიზეზი გახდა.
“ნახატი თვითონაც ვნახე და ძალიან მომეწონა. მაგრამ ძალიან ცუდი მინაწერები იყო ზედ, ისეთი, რომ არც წაიკითხებოდა“,_ გვითხრა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება საჭამიასერში არსებულ გზის პრობლემას, მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პროექტი მზადაა, მაგრამ მოსაძიებელია დაფინანსება.
„გზის პროექტი უკვე დადებული გვაქვს. 850 000 ლარიანი პროექტი, საჭამიასერი-კოხნარი-ზემო ხეთის გზა მთლიანად უნდა შესრულდეს. ელოდებიან თანხა რამდენად მოიძიება. წელს გაზიფიცირება იწყება. გზის პროექტიც გამზადებული დევს. თუ ის არ მოხერხდება, ჩაკერდება ეს გზები“,_ გვითხრა ზაქარეიშვილმა.