კომისიებსა თუ ფრაქციებში ერთთვიანი განხილვის შემდეგ, ლანჩხუთის საკრებულომ, მორიგ სხდომაზე, მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას. მართალია, თავის დროზე, საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ხელი ოპოზიციამაც აუწია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკულები იყვნენ _ ზოგმა საერთოდ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ნაწილმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
საკრებულოში განმარტებები ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
როგორც გაირკვა, ცვლილებების შედეგად, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდიდან შემცირდა: გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები _ 19 492 ლარით (ცენტრალური დაფინანსება 18 549 ლარით), საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია 56 182 ლარით (ცენტრალური _ 53 373 ლარი), კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში _ 28 985 ლარით (ცენტრალური _ 27 536 ლარი), კაპიტალური დაბანდებები სპორტის სფეროში _ 6342 ლარით (ცენტრალური _ 6024 ლარი). შემცირებების ხარჯზე 357 580 ლარით გაიზარდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია (ცენტრალური _339 701 ლარი).
ლაშხიას მოხსენებითვე, მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო მილიონი ლარი, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი შემცირდა 254 973 ლარით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მერიის მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „2020 წლის ბიუჯეტში შემცირდეს გადასახდელები, კერძოდ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქონელი და მომსახურების მუხლი 5000 ლარით; სოცუზრუნველყოფის მუხლი _ 10 000 ლარით; მუნიციპალიტეტის მერიის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 10 000 ლარით; სოცუზრუნველყოფის მუხლი _ 10 000 ლარით; ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 1200 ლარით; ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 100 400 ლარით; ა(ა)იპ სპორტული ცენტრის საქონელი და მომსახურების მუხლი _ 15 000 ლარით და სხვა ხარჯების მუხლი _ 20 000 ლარით; ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება 45 000 ლარით, მათ შორის არაფინანსური აქტივები _ 13 400 ლარით და საქონელი და მომსახურება 31 600 ლარით; საგანმანათლებლო ღონისძიებები _ 3000 ლარით; კულტურის ღონისძიებები _ 7000 ლარით;
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებებისათვის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 10 000 ლარით; ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის საქონელი და მომსახურების ხარჯი 130 000 ლარით; „ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის“ დაფინანსება 29 600 ლარით; „შპს ლანჩხუთის“ დაფინანსება გაიზარდოს 20 000 ლარით.
ბიუჯეტის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) შემცირებისა და ცალკეული ღონისძიებების ხარჯების გაზრდის გათვალისწინებით, შერეული და არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაიზარდოს 15 000 ლარით, ჯარიმები და საურავების შემოსავალი _ 1 543 660 ლარით!“.
საკითხთან დაკავშირებით მერიის მხრიდან წარმოდგენილ ამ განმარტებებს მოჰყვა სწორედ ოპოზიციის კრიტიკა. გამომსვლელმა დეპუტატებმა მკვეთრად დააფიქსირეს, რომ საკითხის მხარდაჭერას არ გეგმავდნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ამირან გიგინეიშვილის შეფასებით, მერიის მხრიდან წარმოდგენილი განმარტებები მას ანგარიშის საშუალებასაც არ აძლევს და ნოტარიუსის როლში ყოფნას არ აპირებს.
კრიტიკული იყო საკუთარ შეფასებებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ასკურავაც. მისი თქმით, ის, რაც მერიამ წარადგინა, „ციფრების ცარიელი რახარუხია“.
„გამოვა აქ შალვოვიჩი (მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი) და გვეტყვის დაზეპირებულ ციფრებს, ჰოდა, ადექი და დაუჭირე შენც მხარი… დეტალურად უნდა იყოს გაშიფრული და ახსნილი ყველაფერი. აი, თუნდაც _ საუბარია 150 ათას ლარზე, თუმცა, გაუგებარია ამის უკან რაზეა საუბარი. ისე წერია 41 ათასი ლარიო, გეგონება 41 ლარზე გვქონდეს საუბარი, ეს ყველაფერი ციფრების ცარიელი რახარუხია და მეტი არაფერი“, _ დასძინა ასკურავამ.
საკითხის მხარდაჭერაზე უარი თქვა, ასკურავას თანაფრაქციელმა სოსო ჩხაიძემც: „მესმის, რომ ეს თქვენი გადაწყვეტილება არაა და ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებით, მაგრამ იმ ფონზე, როცა „კოვიდთან“ საბრძოლველად, დახმარების სახით, სხვადასხვა ქვეყნიდან, უზარმაზარი თანხები მივიღეთ, საგარეო ვალიც მკვეთრად გავზარდეთ და ბიუჯეტიდან ზოგიც ოთხი მილიონი ლარით დავასაჩუქრეთ, ბიუჯეტის შემცირებას მხარს ვერ დავუჭერ“.
ოპოზიციისგან განსხვავებით შენიშვნები არ ჰქონია მმართველი გუნდის წევრ დეპუტატებს. ერთადერთი, ვინც ლაშხიას მხრიდან გაჟღერებული განმარტებების შემდეგ სიტყვა ითხოვა, შუხუთის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილი იყო. მან სოფელში არსებულ წყლის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი და გასახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ამ პრობლემის მოგვარების გათვალისწინება ითხოვა.
„სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანისას წყლის მილები დაზიანდა, სწორედ მათი გამოცვლაა საჭირო. წყლის მიწოდების მხრივ ჩვენს სოფელში ძალიან ცუდი მდგომარეობაა“, _ დასძინა სოფლის მაჟორიტარმა.
საბოლოოდ, მერიის ინიციატივას, ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც, დაახლოებით, მილიონ-ნახევრიან სეკვესტრსაც ითვალისწინებს, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.