აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარ ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.