ლანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა.
„ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება”, _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა.
ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.
როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი პლატფორმით“.