ქვეყანაში კორონავირუსის 3 149 მოქმედი შემთხვევა გვაქვს, 19 პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ქვეყანაში დღეისათვის რეგისტრირებულია 4960 კოვიდინფიცირებული, გუშინ დადასტურდა 296 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 1819, შესაბამისად, მკურნალობას გადის 3 149 პაციენტი. მათი უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ძალიან მცირე რაოდენობით – ბინაზე, თვითიზოლაციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმეა 19, მათ შორის 17 არის მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, აჭარაში 166 პაციენტია, იმერეთში – 55, თბილისში – 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, გურიაში – 9, ქვემო ქართლში – 3, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კი 1-1 პაციენტი. ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 კოვიდინფიცირებული, მათი უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა და გვყავს 2 მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გურიაში კოვიდ 19-ის 14 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჯავიას განცხადებით, ინფიცირების 9 შემთხვევას 5 გვიან ღამით დაემატა.