საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ორი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.
გამოძიების ამ ეტაპზე ზიანის ნაწილი 56 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.