მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და ვფიქრობ, 2-3 კვირაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მონოკლონური ანტისხეული აბსოლუტური სიზუსტით ანადგურებს სამიზნეს.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მიეცა საშუალება, რომ იყოს მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე და ამ ეტაპზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ონლაინტრენინგები მიმდინარეობს.
„მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება. 2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ.