დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების საკითხზე ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
„ჯერ დაანონსებულია, რომ საბავშვო ბაღები იწყებენ მუშაობას. როდესაც ინფექციის ზრდა არის ნებისმიერი მობილობის გაზრდა მომატებული რისკია, მაგრამ მომატებული ინფიცირების ფონზე, პროცესი ქვეყანაში იმართება. სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ვფიქრობ, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ზოგადად, ეს არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური, არამედ ასევე სოციალური საკითხია, როდესაც მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში, ასევე დაკავშირებულია ბავშთა კვებასთან და ა.შ. კომპლექსურია საკითხი და მოითხოვს განხილვას. მე მაქვს ჩემი რეკომენდაციები ამ საკითხზე, ისევე როგორც დაავადებთა კონტროლის ცენტრს, რომელსაც დავაფიქსირებთ საკოორდინაციო საბჭოზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო და ნაცვლად 12 ოქტომბრისა 19 ოქტომბერს დაიწყება. ასევე 19 ოქტომბერს უნდა განახლდეს სწავლა ოზურგეთის საბავშვო ბაღებშიც, რაც შეეხება ლანჩხუთში არსებულ საბავშვო ბაღებს,იქ სააღმზრდელო პროცესი, როგორც დაანონსებული იყო ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან დაიწყება.