ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს იქნება.
მისი თქმით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს არ დაიცავენ, იმ რაოდენობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას „წალეკავს“.
„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა (ამის ზემოთ უბრალოდ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თორემ რეალობაში ორჯერ ნაკლებიც იქნება პიკზე თუ სწრაფად ვმობილიზდით) და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.
არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.
მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა…“ _ წერს სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძე.