ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომელი, ეპიდოლოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გამიფრთხილდი, მე შენ გჭირდები!!!
“კოვიდინფიცირების შემთხვევების დადასტურებიდან… დღევანდელი საღამოს ახალ დადასტურებებამდე… დიახ, დროის ამ უცნაური შუალედით ვსარგებლობ _ ვზივარ და ვფიქრობ… (დროდადრო NCDC პორტალზე _ “კორონა.ლაბ” -ში შევდივარ გულისფანცქალით, სადაც კოვიდინფიცირებულთა ახალი მონაცემები იდება).
მერე უნდა ავიღო ტელეფონი, ავკრიფო ნომერი და ყურმილის მეორე მხარეს ახალი, უცნობი შიშით მომლოდინე პაციენტს დიაგნოზი უნდა ვაცნობო…
ეს ჩემი მისიის მხოლოდ დასაწყისია. მერე იწყება ეპიდკვლევის დეტალური და ძალიან სკურპულოზური ეტაპი… ერთდროულად ვარ ,,დოქტორი უოტსონი და შერლოკიც”, ვადგენ, ვიკვლევ, მოვიძიებ…. მერე ჩვენ–გუნდი, ვიცმევთ არა განსაკუთრებულ ეკიპირებას, არამედ ჩვეულებრივ ერთჯერად ხალათებს, ვიკეთებთ ერთჯერად ნიღბებს, ხელთათმანებს, გამჭვირვალე ფარებს, ერთჯერად ქუდებს და გავდივართ…. ვტესტავთ ადგილზეც ,,მიგუებულ” ლაბორატორიაში: კონტაქტებს, სიცხიანებს, სიმპტომიანებს, დაბნეულებს, შეშინებულებს, აგრესიულებს, მადლიერებს და უმადურებს…
ერთხელაც მოგირგიათ ეს აღჭურვილობა? გიმუშავიათ ფეხზე საათობით მდგარს პაციენტებთან, რომელთა უმეტესობას მეორე დღეს ,,კოვიდ-19″ უფიქსირდება?!
იგივე აღჭურვილობით მდგარხართ მთელი დღე თაკარა მზის ქვეშ ან წვიმიან და ქარიან ამინდში მასიური თერმოსკრინინგის განხორციელებისას?!
ან კვირეების განმავლობაში კარავში და პოსტზე პოლიციელების გვერდით (ჩვენი უღრმესი პატივისცემა მათ!!!!) საველე პირობებში გაგიტესტავთ?!
ან მჯდარხართ დაღლილი, ძალაგამოცლილი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცლილი და ჩაგიხედავთ კოლეგების თვალებში ლაბორატორიული კვლევების შედეგების მოლოდინში? !
რა თქმა უნდა, არც პაციენტის ზოგჯერ ფაქტიურად არაადეკვატური ოჯახის წევრები დაგიშოშმინებიათ და არც შუაღამისას და გამთენიისას 112-ის ბრიგადისთვის გადაგიბარებიათ ინფიცირებული.
იქნებ ახლა, ამ საღამოს კოვიდ-სასტუმროს, ან კოვიდ-კლინიკის პაციენტის უსაფუძვლო და ზოგჯერ საფუძვლიანი პრეტენზიები მოგისმენიათ, დაგიმშვიდებიათ და შეძლებისდაგვარად დახმარებიხართ?!
…მერე დამჯდარხართ და მთელი დღის ნამუშევარი ელექტრონულ სისტემაში დაგიფიქსირებიათ, დაგიწყვიათ და გაგიანალიზებიათ?!
ჰოდა თუ არა, მაშინ იცოდეთ, ამას ყოველდღე ვაკეთებთ ჩვენ _ ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, ვაკეთებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, მიზერული, სამარცხვინო ანაზღაურების ფასად, ოჯახთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ურთიერთობის დეფიციტის ფასად…
თქვენთვის და ქვეყნისთვის მე, ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი, ყველა ეპიდემიოლოგის განზოგადებული სახე ვარ! გამიფრთხილდი…. მე შენ გჭირდები!!!“ _ წერს ფეისბუქში ელზა სიმონიშვილი.