სომხური და აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დასახლებული პუნქტების მიმართ იერიშს განაგრძობდნენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.
მათი თქმით, თავდასხმები მარტუნისა და ასკერანის რაიონების სოფლების მიმართ განხორციელდა.
აზერბაიჯანის თავდაცის უწყების ინფორმაციით, კი მოწინააღმდეგე მხარემ აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
მათი თქმით, აზერბაიჯანის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტროლი კიდევ რამდენიმე სოფელზე აღადგინა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი რაოდენობა გაანადგურეს.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ორჯერ – 10 და 17 ოქტომბერს მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.