გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.