“მოლაპარაკების პროცესს დადებითად ვაფასებ, რადგან ვარდების რევოლუციის დროს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რეგულარულად ვხვდებოდით მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, პრემიერ-მინისტრ ჯორბენაძეს და ვუყენებდით მოთხოვნებს, ის არაფრის შემსრულებელი იყო და ამის პარალელურად ვაძლიერებდით ზეწოლას ქუჩიდან, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ითამაშა გადამწყვეტი როლი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„კარგია მოლაპარაკებები. ახლა მთავრობა ცდილობს პროცესის იმიტაცია მოახდინოს, თითქოს რაღაცაზე მოდის, ესეც არის სისუსტის და იმის გამოვლინება, რომ ჩამოშლილები არიან. უცხოელებმაც დაიწყეს ტონის შეცვლა, რადგან დაინახეს, არც ერთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არაფრის მომტანი არ არის, რადგან არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კომისიის პატიოსანი პროცესი, არსებობს მხოლოდ ერთი კაცი ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს. ამ პირობებში, ახლა, გადამწყვეტია, როცა კუთხეში არიან მომწყვდეულები, დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ გზავნილი. ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა, ახლა ეს გზავნილი უნდა გადაეცეს, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრი ჟურნალისტი. უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალაც და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლის დროსაც, საერთაშორისო მედიაში ამ თემის ნამდვილი აფეთქება მოხდება, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა შაბათს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ აქციაზე ხალხის დასწრება.
„მეგობრებო, მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მესმის, ცივა, მესმის კორონავირუსია, მაგრამ კარგი ამბავია, რომ გაჩნდა ვაქცინა. თუ მთავრობა არ შეიცვალა, ამ ვაქცინის ჩამოსვლას საქართველოში ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ნორმალური მთავრობა თუ იქნა, ვაქცინის გამოსვლიდან იმავე ან მეორე დღეს ის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც. თქვენ ხომ იცით, რომ ტყუილად არაფერს ვსაუბრობ. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ქართველი ხალხი ერთიანია, ახლა საბოლოო გამარჯვებისთვის კიდევ მეტი ქმედების დროა. დიდი იმედი მაქვს თქვენი ხვალ და შემდგომ დღეებში. ბოლომდე ვიბრძვით ყველანი, ბოლომდე, ჩვენს გამარჯვებამდე, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრებო, ქვეყანას ვკარგავთ, ქვეყანასაც ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრდობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს, ყველაფერს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.