ჩოხატაურში გარემოვაჭრეებთან მუნიციპალიტეტის მერი მივიდა.
კუჭავას გამოჩენის შემდეგ ვითარება ჩოხატაურში, ე.წ. წიგნების მაღაზიასთან კიდევ უფრო დაიძაბა. ირაკლი კუჭავამ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მერიაში გადაიყვანა.
ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს თამბაქოთი ვაჭრობის უფლება არ მისცეს. მათ მოვაჭრეებს, მათივე თქმით, განადგურების მიზნით თამბაქო ჩამოართვეს. ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ კი თამბაქო, რომელიც ტომარაში ჰქონდა, მიწაზე მოფანტა.
“გავანადგურებთო, ჩემი პროცენტიანი ვალით ნაყიდ საქონელს. ლუკმას გვართმევენ პირიდან. ჩემს ლუკმას, ჩემი შვილების ლუკმას მე თვითონ გავანადგურებ, თქვენ არ გაგატანთ”, _ ამბობდა ის.
გამწარებული გარემოვაჭრეები თავიანთ “დამწიოკებლებს” წყევლიდნენ. “სუდარა გადააფარა მისმა დედამ”; “არ გაგითენდათ მომავალი ახალი წელი”, _ ეუბნებოდნენ ისინი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს. რაზეც ერთ-ერთი მათგანი, ის, ვინც “გურია ნიუსთან” კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, შეეკამათა გარემოვაჭრეებს. რაც მუნიციპალიტეტის მერმა განმუხტა.
_ ნუ შედიხართ კონფლიქტში მოვაჭრეებთან, წამობრძანდით. გამომყევით მერიაში ვისაუბროთ”, _ უთხრა კუჭავამ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელს.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთეს.




































































