გერმანიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, პროფესიით ჟურნალისტი, მაია ნაკვეთაური გვატყობინებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საქართველოში, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლისთვის საჩუქრებს აგზავნის. ნობათს „სოს-ბავშვთა სოფელი“ მიიღებს, რომელიც თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს.

_ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, გერმანელ მეგობრებთან ვთქვი და… ჩვენც რამეს მოგიტანთო, შემპირდნენ. შეასრულეს კიდეც. სიხარულის ემოციამ ამაცახცახა, _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.
ცოტა მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„თვალცრემლიანმა (ამ ბოლო დროს სიკეთეზე ტირილი ვისწავლე) და ხელებაკანკალებულმა დღეს ძლივს მოვაბი თავი საჩუქარების შეფუთვას.
Weinachten im Schuhkarton ( შობა ფეხსაცმლის ყუთში) ჰქვია ამ ულამაზეს საშობაო ტრადიციას, რომელსაც 1996 წელს გერმანიაში ჩაეყარა საფუძველი. ახლა კი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ბავშვები იმ ბავშვებს უგზავნიან საჩუქრებს, რომლებსაც ბევრი რამ აკლიათ, ბევრი რამ ენატრებათ.
აქ მნიშვნელოვანი და ძვირფასი არაფერია, უბრალოდ სიყვარულია, პატარა ხელებით, ფერად-ფერად ქაღალდებში შეფუთული სიყვარული, რომელიც ხვალ საქართველოს გზას გამოუყვება“.
მაია ნაკვეთაურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 90-იანი წლებში, როცა ქვეყანა სიბნელემ და ქაოსმა მოიცვა, უცხოეთში გაეშურა. მალე იქ დაქორწინდა ეროვნებით გერმანელ მორტენ ვოლფზე. ჯვარი საქართველოში დაიწერეს. ჰყავთ ერთი ვაჟი. ახლა გერმანიაში ცხოვრრობენ და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან.
_ მომავალი წლისთვის გურული ბავშვების გასახარებლად ვიზრუნებთ. ვეცდები, თქვენთან გამოვგზავნო ფერად ქაღალდებში შეფუთული დიდი სიყვარული, _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.


































































