კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, დონალდ ტრამპის კაბინეტი განათლების მდივანმა ბეტი დევოსმაც დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც CNN წერს, მანდ გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაში ხაზს უსვამს ტრამპის როლს კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობაში და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ერთადერთი სწორი საქციელია, რაც შეიძლება ჩაიდინოს.
“ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა”, _ განაცხადა დევოსმა.
ცნობისთვის, კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, თეთრ სახლს თანამშრომლები ტოვებენ.
თანამდებობები დატოვა: ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ, დონალდ ტრამპის მრჩეველმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტულიმ, პრესს მდივნის მოადგილემ სარა მათიუსმა, პირველი ლედის მელანია ტრამპის შტაბის უფროსმა, სტეფანი გრიშეამმა, თეთრი სახლის სოციალურმა მდივანმა რიკი ნიცეტმა, პროტოკოლის აპარატის მდივანმა რიკი ნიჩეტმა და თანამდებობა დატოვა ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე მეტ პოტინგერმა.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად მაინც გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232. ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.