როცა ქვეყანაში მიმქრალი იყო უფლისადმი რწმენა, ქრისტიანული დღესასწაულისადმი ცოდნაც ნაკლები იყო ხალხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკურთხი წყლისადმი თავისებური რწმენა ჰქონდათ შერჩენილი ძველ ქართველებს.
ამბობენ, ნათლისღების დღეს აღებული უბრალო წყალიც კი ნაკურთხიაო. არ ვიცი, რამდენად ცნობილი იყო ჩემს სოფელში _ გორმაღალში იმ პერიოდის მცხოვრებთათვის მაცხოვრის ნათლისღების ან მდინარე იორდანეს მიერ განწმენდის ძალის შესახებ ისტორიულ-ბიბლიური განმარტება, მაგრამ, რწმენა დიდი იყო როგორც წარსულ დროში, ისე ახლაც და იცოდნენ და იცავდნენ იმ მთავარ წესს, რომ მოუნათლავი არავინ არ უნდა დარჩენილიყო.
მაშინ, როცა ტაძრები თითო-ოროლა იყო და, რასაკვირველია, სასულიერო პირებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, ერთადერთი ხელსაყრელი მომენტი სამეზობლო კუთხეში გარდაცვლილის წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა გახლდათ.
როგორც გადმოცემით ვიცი, ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად შედგომილ სქემმონაზონ მარიამს (გოგიტაძეს) დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხის გაქრისტიანებაში. როგორც მითხრეს, მას დაჰყავდა მონასტრის წინამძღვრები და მის ოჯახში შეკრებილ მსურველებს ფარულად ანათლინებდა.
ჩემ მახსოვრობასაც შემორჩა ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღების დილას, უთენია წამომდგარი ოჯახის უფროსი უმძრახად (ხმაგაუცემლად) როგორ აავსებდა ჭურჭელს წყლით, სახლის ოთხივე კუთხეში დაღვრიდა, წყლის ნარჩენს კი ტანის საბანად ტოვებდა ოჯახის წევრებისთვის, მადლიანიაო.
ამბობენ, ზოგ კუთხეში ეს წყალი საფლავზეც მიჰქონდათ და ზედ მოასხურებდნენ _ ამგვარად, თითქოს, თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულსო, მაგრამ ამ ტრადიციის შესახებ მე არ მსმენია.
ვისაც მტკიცე რწმენა და შესაძლებლობა ჰქონდა, მამლის ყივილამდე ავიდოდა ზანდოს წმიდა გიორგის ნანგრევზე, თავისივე ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, შინ დარჩენილები კი სანთელთან ერთად კეცზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დამწვარ ნაძვის ზინთის კვამლს გაატანდნენ (,,ჩაუთქვამდნენ“ )სათხოვარს.
ყველა, როგორც შეეძლო და აღიქვამდა, ისე აღნიშნავდა და პატივს მიაგებდა ამ მადლიან დღეს. თუმცა, ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტსაც, როცა პიროვნება არასერიოზულად აღიქვამდა ამ წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობას და ხდებოდა მექანიკური თუ წამბაძველობითი ნათლისღება. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოს, ეს მეტად საშიშია _ ხშირ შემთხვევაში, მას მადლი ცოდვად ექცევა ხოლმე. მასზე, ამათუ იმ საიდუმლოს შედეგად, რა თქმა უნდა, მექანიკური მოქმედებითაც გადადის უფლის მადლი და ძალა, მაგრამ აქ შემდეგ უმთავრესი გარემოებაა ის არის, როგორ მოხდება ამ მადლის დაცვა.
ადამიანმა უფლისგან მიღებული მადლი სწორად უნდა გამოიყენოს და არ მოხდეს პირიქით _ არ შეურაცხყოს სიწმიდე თავისი უწესო ცხოვრებით.
როგორც წმიდა მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებრივად იშვება ადამიანი და მეორე _ სულიერად. ასევეა, ორი სიკვდილი: სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, რაც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი. ამიტომ ადამიანებს ბევ რამეზე დაფიქრება გვმართებს.
ასევე, როდესაც ნათლისღების რიტუალის მიმდინარეობისას ვდებთ აღთქმას ანუ ფიცის უფლის წინაშე რომ:,,შეუდგებოით ქრისტესა“ მისი გზიდან გადახვევა არის ღალატის ტოლფასი. თუ მოინათლე ყრმობის ასაკში და ბოლომდე ვერ აცნობიერებდი დაკისრებულ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში მეტად დიდი პასუხისმგებელური მისია აკისრია თავად ნათლიას და ამიტომ უნდა მოხდეს ნათლიის სწორი შერჩევა რადგან მან უნდა წარმართოს სწორად შენი ცხოვრების გზა.
ნათლისღება არის სიმბოლო განწმენდისა, ქრისტეს სხეულთან თანაზიარებისა, ქრისტეში ახლად დაბადებისა, რომლის არსის გაცნობიერება და მეტად სიღრმისეული წვდომაა საჭირო.
ვისურვებდი, როგორც იორდანე უკუიქცა, ასე უკუგვექციოს ბოროტება და სიკეთეში ვშობილიყვეთ, რათა ერთ ემბაზში განწმენდილნი ერთად ვადიდებდეთ უფალს და ზეციურ კარიბჭეს მიდგომლებს. რ
ოგორც იორდანეში ჩასული იესო ქრისტეს ნათლისღებისას გაისმა ხმა ზეციდან, ისევე გაისმოდეს თითოეულ ჩვენგანისათვის; ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22).
გოგიტა გიორგაძე